წმინდა სინოდი
მიტროპოლიტი გრიგოლი - ფოთის და ხობის ეპარქია
მიტროპოლიტი გრიგოლი

მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი)
დაბ. - 1956 წლის 18 ივლისი, თბილისი;
1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია;
1994 წელს - თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;
1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში;
1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში;
1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება;
1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა;
1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება;
1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად;
2007 წელი - მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი;
1996-2003 წლებში - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ცენტრალური კათედრა: ქ. ფოთი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. რუსთაველის №1 (1933-1936 წლებში ტაძარი გადაკეთდა თეატრად. ქ.ფოთის საკრებულოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ტაძარი სამართლებრივად კვლავ ეკლესიის მფლობელობაში დაბრუნდა, 2005 წლის 18 ნოემბერს კი ტაძრის შენობა ფაქტობრივად გადაეცა ფოთის ეპარქიას და საზეიმოდ იკურთხა).

ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება.

თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი  საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა. IV საუკუნეში ფოთის ცნობილი რიტორიკული სკოლა, იმჟამინდელი საფილოსოფოსი აზროვნების კერიდან - საბერძნეთის ათენიდან საკმაო მანძილის მიუხედავად, ძალზე პოპულარული იყო.

დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები - კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები... ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა.

VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება.

VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული - საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი - მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.


რეგისტრაცია