რომაული მითოლოგია - მარსი
რომაული მითოლოგია - მარსი

მარსი

მარსი (ლათ. Mars) არის რომაულ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ძე იუნოსა და იუპიტერის (ან მაგიური ყვავილის). ვინაიდან სიტყვას მარსი ინდო-ევროპული ძირი არა აქვს, სავარაუდოა, რომ ეს იყოს ეტრუსკული მიწათმოქმედების ღმერთი მარისის ლათინიზირებული ფორმა.
მარსი ერთერთი უძველესი რომაული ღმერთია და შედიოდა რომაული პანთეონის მთავარ ღვთაებათა ტრიადაში (მარსი, იუპიტერი, კვირინი). თავდაპირველად იგი ნაყოფიერების, მცენარეების, ველური ბუნების, ყველაფრის რაც დასახლების გარეთ იყო, საშიში და უცნობი, იმის ღვთაებად ითვლებოდა, მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა მეომრის თვისებები. მარსს ეძღვნებოდა მარტის თვე, ძველი რომაული კალენდარით წელიწადის პირველი თვე. მარსი უძღვებოდა მეომრებს ომში, იღებდა ბრძოლის წინ მსხვერპლად სეწირულ ძღვენებს და ბრძოლის ველზე გამოჩნდებოდა ომის ქალღმერთ ბელონასთან ერთად.
მარსის სიმბოლო იყო შუბი და ფარი, რომელიც ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა, რომაელთა დაუმარცხებლობის აღსანიშნავად. შემდეგ, ნუმა პომპილიუსის ბრძანბით, დამზადდა მისი 11 ასლი, რათა ფარი დაეცვათ მძარცველთაგან და ეს რელიკვიები მეფის სასახლეში ინახებოდა. მხედართმთავარი ომში წასვლამდე მოუხმობდა მარსს, შუბის და ფარის ამოძრავებით. ხოლო თუ შუბი და ფარები თავისით ამოძრავდებოდნენ, ეს დიდი უბედურების მომასწავებლად ითვლებოდა. სიწმინდეების მფარველები სალიელი ქურუმები იყვნენ, რომლებსაც ისინი მარსის დღესასწაულებზე გამოჰქონდათ გარეთ და მათ წინაშე რიტუალურ ცეკვებს ასრულებდნენ.
ომის დამთავრების შემდეგ კი მას მხსვერპლად სწირავდნენ კვადრიგაში გამარჯვებულ ცხენს, სამხვერპლო ცხენის სისხლი კი რეგიუმში და ვესტას ტაძარში ინახებოდა, მას განმწმენდი ძალა ჰქონდა. მარსი განსაკუთრებული პოპულარობით რესპუბლიკის პერიოდში სარგებლობდა. მას ხშირად გამოსახავდნენ მონეტებზე, უწოდებდნენ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა, ”გამარჯვებული”, ”მეომარი”, ”იმპერიის გამფართოვებელი”, ”მშვიდობის მყოფელი”. ლაშქრობამდე და ლაშქრობის შემდეგ მარსს უძღვნიდნენ ცხენების, იარაღის და მუსიკალური ინსტრუმენტების განწმენდის რტუალს. რომის დასავლეთ პროვინციებში მარსს უკავსირებდნენ მთავარ თემურ ღვთაებებს. სწორედ ამიტომ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრეულ პერიოდში მარსი იყო რომაელთა მთავარი ღვთაება. ბერძნული არესისგან განსხვავებით, რომში მარსს ბევრად დიდ პატივს სცემდნენ იმიტომაც, რომ ქალაქის ლეგენდარული დამაარსებლები რომულუსი და რემუსი მარსის ვაჟები იყვნენ. მარსს ეძღვნებოდა ცხენი, მგელი, კოდალა, ხარი. თქმულებისამებრ, ეს ცხოველები უძღვებოდნენ გაზაფხულზე დაბადებულ ვაჟებს ახალი დასახლებების შესაქმნელად. ზოგი თქმულებით მარსს სამი სიცოცხლე ჰქონდა. მიწათმფლობელები მარსს უძღვნიდნენ განწმენდის რიტუალს - ლუსტრაციას და მას ავედრიდნენ ყანების უხვმოსავლიანობას, ოჯახების, მონების და საქონლის ჯანმრთელობას. ამის გარდა მარსის ველზე შეკრებული შეიარაღებული მოქალაქეებიც მას ევედრებოდნენ. ავრალის ძმებიც მარსს და ლარებს მიმართავდნენ რომში განწმენდის რიტუალის ჩატარებისას. მარსს ტყეებში მსხვერპლად სწირავდნენ ხარს.
როგორც რომულუსის მამა, მარსი რომაელთა წინაპარი და რომის მფარველი ღვთაება იყო. ამასთან ერთად მარსის, როგორც ომის ღვთაების, ტაძარი, მარსის ველზე, ქალაქის გარეთ იყო აშენებული, რადგან შეიარაღებული ჯარი ქალაქში არ უნდა შემოსულიყო.
მარსის თავდაპირველი ფუნქციების აღდგენა რთულია, რადგან თავდაპირველად იგი რომის მფარველი ღვთაება იყო, რომელიც ანიჭებდა სიუხვეს, ეხმარებოდა ხალხს იმშიც და მშვიდობაშიც, ხოლო მოგვიანებით იგი მხოლოდ ომის ღვთაება გახდა. მას აიგივებდნენ ბერძნულ არესთან, თუმცა ეს გაიგივება უფრო ლიტერატურაში აისახა, ვიდრე რელიგიაში. მარსის მეუღლედ ქალღმერთი ნერიო ითვლებოდა, რომელსაც შემდეგ ვენერასთან აიგივებდნენ.
ძვ. წ. 366 წელს მარსს მიუძღვნეს ტაძარი კაპენის კარიბჭესთან, საიდანაც ლაშქარი ომში მიდიოდა და მხედრები ყოველწლიურ დემონსტრაციას აწყობდნენ. ფორუმის ცენტრში კი ავგუსტუსმა ააშენა მარსი შურისმძიებლის ტაძარი, იულიუს კეისარის მკვლელების დამარცხების აღსანიშნავად.


რეგისტრაცია